მიყვარს, როცა წიგნი ნახმარია.
როცა ეტყობა, რომ ვიღაცას წაკითხული აქვს, და არაერთხელ.
მიყვარს ძველი წიგნები. ბუკინისტებში ხშირად შევივლი ხოლმე, ვათვალიერებ - წარწერებს ვკითხულობ: ”ვიღაცის ბიბლიოთეკიდან”, ”მავანის წიგნებიდან”, ”ჩემს იმანს ავტორისაგან”...
ყველა ადამიანს თავისი ისტორია აქვს, ისევე როგორც მის წიგნებს.
ბუკინისტებს ამ ბოლო დროს ისინი მირჩევნია, მეტროსა და მიწისქვეშა ჩასასვლელების კიდეებზე რომ გადაშლიან ხოლმე ათასობით წიგნს - კვანტური ფიზიკა და ვეფხისტყაოსანი, ისტორიული მატერიალიზმი და დიეტების კრებული, ჰოროსკოპი და სკკპ-ს სხდომების კრებული...
ჰოდა შარშანდელი წლის მიწურულს რადიო თავისუფლებაში ვიყავი სტუმრად და ”თავისუფლების დღიურები” მაჩუქეს - 2007 და 2008 წლების.
2009 წლის ალბათ ჯერ არ დაუბეჭდავთ. ძალიან მინდა, რომ 2010 წელს მეც მთხოვონ ერთი კვირის ჩაწერა :)
ეს ყველაფერი კი იმიტომ გამახსენდა, რომ ვახუშტი კოტეტიშვილის კვირა წავიკითხე 2007-ის ”თავისუფლების დღიურებში” და ძალიან მომეწონა. დავათრევ ამ წიგნს ზევით-ქვევით, ცივ ოთახში მოსაწევად რომ გავდივარ - იქ ვკითხულობ, ტუალეტშიც შემაქვს და იქაც სიგარეტთან ერთად ვეცნობი :)
ბოლი თვალებს მწვავს, ამიტომ ცალი თვალი მოჭუტული მაქვს, თავი - ოდნავ დახრილი და ისე ვკითხულობ უცხო და ნაცნობი ხალხის დღიურებს.
საწყალი წიგნი - ხან სიგარეტის ფერფლი ეცემა, ხან წყლის წვეთი (ხელის დაბანისას იღლიაში რომ ამოვიჩრი ხოლმე), ფურცლების კუთხეებიც სულ დაკეცილი აქვს...
მიყვარს, როცა წიგნი ნახმარია.
როცა ეტყობა, რომ ვიღაცას წაკითხული აქვს, და არაერთხელ.
Subscribe to:
Post Comments (Atom)



